დაიწყო ახალი 2023-2024 სასწავლო წელი

მოგესალმებით და გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას – მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს.

გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენთაგანისათვის. განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად ჩვენი სკოლის კარს შემოაღებენ, რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ აქ მიიღონ. ამ ცოდნით კი, როცა დაფრთიანდებიან, ჩვენს ქვეყანას ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ სამშობლოს.

ჩვენს წარმატებებში მნიშვნელოვანი წვლილი თქვენ მიგიძღვით, ძვირფასო მშობლებო, თქვენი ნდობა და მხარდაჭერა გვეხმარება ყოველგვარი სიახლის დანერგვაში. ამიტომაცაა, რომ სკოლა ფეხს უწყობს ქვეყნის საგანმანათლებლო სტრატეგიას და პრიორიტეტულ მიმართულებებს. ამასთან ერთად ვითვალისწინებთ ჩვენი მოსწავლეების ინტერესთა სფეროს, მათ სურვილებსა და მისწრაფებებს, თამამად ვუსწორებთ თვალს ყველა სიახლეს, ყველა ახალ გამოწვევას. შემართებითა და ენთუზიაზმით ჩაერთო პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში სკოლის ყველა მასწავლებელი. ეს კი მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობისათვის, თითოეულ მათგანზე ზრუნვის ნათელი გამოხატულებაა. მადლობა ამისათვის ჩვენს მასწავლებლებს!

სკოლის ხელმძღვანელობისა და პედაგოგიური კოლექტივის მუხლჩაუხრელი შრომა ყველაზე მეტად მაინც კურსდამთავრებულების საატესტო და ეროვნული გამოცდების შედეგებში აისახება ხოლმე. წელსაც ჩვენმა აბიტურიენტებმა თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწიეს: მათმა უმრავლესობამ გრანტი აიღო და სასურველი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გახდა. დღეს ისინი ჩვენს სიხარულს უერთდებიან. მათ ამ წარმატებას ხომ სწორედ ჩვენს სკოლაში ჩაეყარა საფუძველი.

კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ ჩვენი ერთობლივი ნაყოფიერი და საპატიო საქმიანობით კიდევ მეტი წარმატებებით გაგვევლოს ეს სასწავლო წელიც.